"სინათლის დედა" დამაქვს მუცლით და სკნელის ჭერხოზე დავალ კარდაკარ. ღამე კი არა, ათასწლეულიც ჩემს სიფრიფანა ფრთებზე გადატყდა. უფალი ირჩევს ნათლისთვის შუბლებს. სიტყვის ბალახში დავღოღავ მღილი, სკნელებს ციმციმით პერანგებს ვუბნევ. თითქოს ცას ვმღერდე, ვარსკვლავქარიანს, როგორც ქადაგის დაყურსულ ფიქრში, ჩემშიც საუფლო ნათლის კვალია. ტანის აზიდვა მიჭირს მიწიდან, სინათლის ფესვი გავიდგი ბნელში სიხარული რომ ფრთიდან მიცვივა, რომ ცას ემსგავსოს მიწაც, ღამეში, მე და სიბნელე ერთმანეთს ვშვენით, როგორც - ენქიდუ და გილგამეში. სიჩუმის ქნარზე სიმს ვარხევ, ნათლის, ღამე რომ ცისკრად იძვრება ხოლმე, ერთ მზის სალამურს ჩემგანაც გათლის სიკვდილს! კენწერო დრიკონ კედრებმა... ეს ღამეც, ვით სხვა ღამე ათასი, თენდება, კვდება, ისევ თენდება... ბალახიც სინას მთა არის ჩემთვის. მე ცეცხლის ერთი კურცხალი დამაქვს, ეზოს ბოლოშიც მიპოვის ღმერთი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |