ეს დღეც დაღამდა დღე ცარიელი, როგორც ის სარკე, რომელშიც უკვე შენ აღარ ჩანხარ.
და ვეღარ ვასწრებთ ქვეყნად ერთ-ერთ უმთავრეს საქმეს - სახით მშვიდით და ბედნიერით აყვავებული ატმის წინ დგომას.
მოულოდნელად შევხვდით ერთმანეთს. რა ნაღვლიანი საღამო იყო... მე ყვავილები მიმქონდა სხვისთვის.
ჩემი ფანჯრიდან შენს აივანზე როგორ უბრალოდ გადმოფრინდა ფრთათეთრი მტრედი.
ბედნიერი ერთადერთია ქვეყნად არსება - ციცინათელა - თან დაფრინავს და თან ანთია.
გუბესთან დგას გოგონა ნაზი, გაუხელია თვალები ფართოდ, გაჰყურებს სივრცეს და წუთი წუთზე ელოდება ყვავილად ქცევას...
პატარა ნერგო, რა ნათელია სიმშვიდე შენი - სადაც დაგრგავენ, იქ აყვავდები.
აბა მაგ საწყალს რაღა უშველის!.. აივანზე ეძინა თურმე და სახეზე გადაუარა სასიკვდილოდ დაჭრილი ჩიტის ფართქალა ჩრდილმა.
რკინის მესერთან იდგა ბიჭუნა. მესერს იქით იყო ჟირაფი საკუთარი სიმაღლით დაღლილს ჟირაფს მიწაზე დაედო თავი და მხიარული იაიების სიცილს ისმენდა.
ღამით არწივი თავის დიდ ფრთებს იხუტებს ტანზე და გულისცემას ისმენენ ფრთები. სულ ესაა საიდუმლო ზეცასი ფრენის.
ნუ დაიბნევით, თუ სამკურნალოდ მოგიყვანეს სნეული ჩიტი. ერთადერთია ჩიტის წამალი - ფრთებზე მალამოდ უნდა დაადოთ ცის ანაჭერი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |