კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 18:57

 

 

 

დაუკრავს თარი. წაიქცევა სამწვადედ შაქი...

შაქრის თავს ტეხენ და პატარძალს ჰშვენის დარცხვენა...

ეკამათება უბის სუნთქვას თხელი ლეჩაქი

და მეტის ღელვით უფრო ტოკავს მკერდი მარცხენა.

პირობას ელის სარეცელი და ბაღდადიან

საბურავებით იმოსება საბნის სარჩული...

ჭიანჭველები მოუთმენლად ტანში დადიან

და თრთის სხეული საგანგებოდ შემოფარჩული.

გატყდება თეფში შესავალში და წყვილი გნოლი

ხანჯალთა რკალქვეშ გაივლიან ხელგაჭდობილი...

დედოფლის სახემ დაიფინა თეთრი მაგნოლი,

არა შორდება ქმარს - მეჯვარე და ქალს - დობილი.

მახარობელი ცნენს ჩამოხდის ბალთიან საკმაზს,

ზუზუნებს ზურნა, სუფრა ლხინობს, მოდის ხაშლამა..

ორ-ორი ჯიხვით სმენ მაყრები შუშხუნა ბაქმაზს,

გრძელი ჩაკრულა აამღერა სუფრის გაშლამა.

დამქაშებს შაბაშს მიართმევენ და განაახლებს

დუდუკი კვნესას, რომ ქეიფმა კვლავ დიდხანს გასძლოს...

დღეს ერთმანეთი უფრო უყვართ შარიან მძახლებს

და დედამთილი წამ-და-უწუმ ეხვევა სასძლოს.

მოკვდება ღამე... გაუწყდება ჰანგი სანთურებს,

ჯვარდაწერილებს გააპარებს დედა ნეფისა...

ლოთი თამადა მოწყენილად თავს აკანტურებს

და მაყრებს ძილი მოერევათ გათენებისას.

სძინავს სუყველას და ორს გარდა ყველა კარშია,

მტევნის კუნწულა იმარცვლება ვნების ბადაგში...

და ტალღებს არხევს სარეცელზე ზეწრის არშია.

გადახლართულია რქაზე ვაზი... თოვლზე - ბადახში.

და პატარძალი გაურკვეველ ტკბილ სიზმარშია...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ