როს შეღამდება დიდ ქალაქში და ყვითელ ფარდებს ფილისტერები დაუშვებენ ჩვეულებრივად... ნაგვიანევი ტრამი სადღაც შეინავარდებს, მაშინ ორნივე დავსეირნობთ ქუჩებში მწკრივად.
ჰე, უსამშობლო მოგზაურო! - შემძახა შლეგმა. შენ ფაუსტი ხარ და მე კიდევ - მეფისტოფელი, ჩვენ გვაკავშირებს ჯოჯოხეთის მისნური გეგმა.
წამო, სარდაფში, ავარებთან დავლიოთ ღვინო, შენ ფაუსტი ხარ და მე კიდევ მეფისტოფელი, პოეტო მეფევ, უსამშობლო და უგვირგვინო!
ორთავეს მოგვწონს სატანური სალტო მორტალი და გავარჩიე ჩემი ლანდი უცნაურ ხმაში: ”სახლების ჩრდილებს ეფარება ალალ-მართალი”.
ღამით ეძებენ მრუშ ჭაბუკებს ეგ კოკოტები, შენც აკი მოგწონს ნაღვლიანი მათი კისკისი, ფრთას რომ გაშლიან, ვით მინევრას შავი ჭოტები.
მეც მეახლება ჩემი ლანდი, ფარეში ზრდილი, ამ ბნელ ღამეში თვალი მხოლოდ აჩრდილებს ჰხედავს, ეკვიატება ხორცის აჩრდილს სულის აჩრდილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |