დრო ამ გორაკებს სვავივით კორტნის, მზით ჩაჟანგულა პაპის საძვალე. ტყეში თავშერგულ ხბოსა ჰგავს კორდი, ბილიკს კუდივით რომ ახვანცალებს. ბედნიერი ვარ რაკი მიცანით, გთხოვთ მაპატიოთ ეს განშორება, თქვენი არ იყოს, ვარ გულთმისანი. თითქო გიმუხთლე, თითქო გიგანე… ვარ დაკარგული შენი ბოჩოლა. მომშივებია შენი ჯიქანი. თითქო წარსულის დღე განაპირდა, კალთა სავსე გაქვს წაბლის ფოთლებით, ბოსტნის სურნელით, ათას ზღაპრითა. ცრემლს როგორ იწმენდ თავშლის ბოლოთი, მე კი შენს ვაჟკაცს რა წამახდენდა, ამ დღეებამდის რომ მომყოლოდი. როგორც ქოთანში რძის ჩასხივება. ეს სიმყუდროვე და იდილია ციდან იმსხვრევა ციცქნა მძივებად. მშვიდობა ბოსტნებს, ქედებს ხრიოკებს. ერთი შემბღავლე დედაშვილობას და სიყვარულით თმა ამილოკე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |