კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:23

 

 

 

ბევრნაირია ქვეყნად საწოლი

და სამარემდის ბევრს გამოვიცვლით;

სხვაა ლოგინი მეფის საცოლის,

სხვა - ჯარისკაცის და სხვა ოფიცრის.

არის საწოლი სხვადასხვა ჯგუფის,

სულ სხვა კომფორტის, ყაიდის, რიგის!

სასტუმროების, ხომალდის, კუპის,

საავადმყოფოს, დილეგის, ციხის.

და თუკი მეფეც ტახტს უმორჩილებს

ქალს ან ქვეყანას და პატივს ახდის -

ძალმომრეობის თარგზე მოჭრილი

ყაჩაღურია ასეთი ტახტი.

და როგორ გინდა ტკბილად მოხუცდე,

ღმერთთან საუბრის გქონდეს უფლება,

როცა ყველას გვყავს თავის პროკრუსტე:

სტრიქონი! ქალი! ძალაუფლება!

მეც შემხვედრია (არა ტყვეებში

ან შარაგზებზე) ქვეყნის ამკლები -

გრძელ მაგიდებთან, რბილ სავარძლებში

ჰალსტუხიანი ავაზაკები.

ის მაგიდები სარეცლებს ჰგვანან

და კისრულობენ ცოდვას იმავეს,

ოღონდ მახვილის გარეშე, თანაც

ურჩებს ჭრიან და დამყოლთ - ჭიმავენ.

და უკვე ბევრი ხმარობს შალაშინს

და სიმარჯვითაც ზოგჯერ ნებივრობს

და უკვე ბევრი დადის ქალაქში

ხელ-ფეხმორღვეულ თოჯინებივით.

ვიცი ისინი რა ჩიტებია!

და მართლაც ტრელი მედიდურებით

ცხოვრებას უფრო ეჭიდებიან

მაიმუნივით გრძელ კიდურებით.

ასე ვეჩვევით ყალბ სიდიდეებს,

სახელებს ვჩქმალავთ ანდა გავკივით,

(ავანსად ვკივით...) და ცოდვას ვიდებთ

ძველი ბერძენი ავაზაკივით.

ნუ დამეთრგუნოს უბრალო ქინქლაც...

ასე ვიცხოვრო და ისე გავძლო,

ჩემი საწოლი (აქაც და იქაც),

არაფრით ჰგავდეს ყაჩაღის საწოლს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ