შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ, ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები, მაგრამ, კეთილო, მიხვდი, გაიგე ადრე წასული კაცის ფიქრები. ერთ დროს ამ ქვეყნად კაცი ვიყავი, მეც მყავდა შვილი და ნათესავი, კაცი ვიყავი გაურიყავი. და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ… ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ… კადნიერება არწივებური. და მეც შენსავით მქონდა გონება კახური ღვინით გაბრწყინებული. სიყვარული რომ გულს ჩამეწვეთა. ეჰ… მეც მიყვარდა და ფერმიხდილი მეც დავდიოდი რუსთაველზედა. ეს მზე მეც შენებრ მახვევდა თავბრუს; და, ეჰ… მეც შენებრ ვემონებოდი თბილისის ცას და ღამეებს ზღაპრულს. მეც შენნაირად ვიყავ ლამაზი, მეც მეოცნებე თვალები მქონდა და გავყურებდი დილის ცის კარებს, სხეულში ცხელი სისხლი მიჰქროდა, მიჰქონდათ ლამაზ თბილისის ქალებს. ნაირ-ნაირი ძოწეულებით, სქელ ბაგეებს რომ დაისისხლავენ, ვით თეირანის ბროწეულები. უკანასკნელი პირვანდელს ვგავარ. მზეს და სინათლეს გამოვექეცი, მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი. „მანვე დამშალა, ვინც აღმაშენა“. ხელად მიხვდები, ხელად გაიგებ, რად გეძახიან ჩემი ფიქრები - რა იყავ, რა ხარ და რა იქნები! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |