კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:59

 

 

 

არ მსურს შენს გამო ცრემლები ვღვარო,

ლექსებად გიძღვნა ჩემი განცდები,

დღეს რომ შევცდე და შენ შეგიყვარო

ხვალ სიკვდილის გზას ვეღარ ავცდები.

შენ ვისაც რწმენა ლოდინად დარჩა,

ახლა იმედიც დაკარგე თუკი,

წლები გაგექცა, არა და არ ჩანს

შენთან მომსვლელი ის მზეჭაბუკი.

დღეს სიმარტოვის პირისპირ ვერ ძლებ,

გულამდე გატანს ბურუსი ბნელი,

აჰა, შემხვდი და აღარვის ეძებ

დღემდე ზღაპრული ბედის მძებნელი.

მზისფერ ასულად როგორ დაგხატო,

მაცდურს როგორ გცე ლექსით თაყვანი,

მაგ სულის მქონე როგორ გაგხადო

ჩემს ცხოვრებაში შემოსაყვანი.

და აგაშორო ეგ სანისლეთი

შენს სიმარტოვეს მკაცრად რომ ჩრდილავს,

მე დაგიმშვენო ის საცისკრეთი

ჩემი ლექსებით ყოველ დილ-დილას.

მიყურებ, როგორც უმანკო შველი,

არ მაკლებ შვლისებრ თვალთა ფეთებას

და ვერ გრძნობ, როგორ ამაოდ ელი

ჩემს ტანჯვის ხარჯზე შენს გაღმერთებას.

არ მსურს ვარსკვლავთა წამოსასხამით

დღეს შენ შეგრაცხო ლამაზ მითივით,

შენ გიმღერდე და მერე ღამ-ღამით

შენი სარკმლის წინ მნახო ქვითინით.

გულში კი ამით დაიცხრო ბრაზი

და ყველა ჯავრი ჩემზე იყარო,

პოეტის სული სათნო და ნაზი

ვიღაცის ჯიბრზე არ შეიყვარო.

ვიცი ეგ გული სხვა რამეს ნირავს,

არ მსურს სილაზე კოშკი ვაშენო,

მე მდგარი მნახო უფსკრულის პირას

შემწედ ღიმილიც არ მომაშველო.

მგვემო და ჩემით გაერთო თანაც,

ძალგიძს თავზარი თავს დამცე მეხად,

მშვიდად მკრა ხელი ქარაფიდანაც

ხრამში ჯარჯივით გადასაჩეხად.

შორს ჩემგან შენი ფიქრი მზაკვრული,

არც ეგ თამაში არ მსურს განაგრძო.

არ მინდა მნახო ჯვარზე გაკრული

და ცნობამიხდილს არ მითანაგრძნო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - თამაზ წიკლაური  • • •  თამაზ წიკლაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ