1962 წელს რიო დე ჟანეიროს მახლობლად ცეცხლმოდებული თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა. პროფესორმა ჟორდანიამ თავისი მაშველი რგოლი ერთ უბილეთო გოგონას დაუთმო, თვითონ კი ცურვა არ იცოდა და დაიღუპა.
I
მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს, ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა. ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს. ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის. ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს. ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის. არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი. და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.
II
„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით, ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით, საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით, მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები, მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.
III
თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის, ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი. არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე. ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად, და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა? მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას. მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით. "გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი, ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |