კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 20:18

 

 

 

ეს ყველაფერი შენ ხარ უჩემოდ

და ჩემიანად ეს ხარ ისევე,

დიდი ქალაქის დიდო ქუჩებო,

მე თქვენს ხმაურში უფრო ვისვენებ.

თუმც, ეს ყოველი შენ ხარ უჩემოდ,

მაინც შენთან ვარ და გულზე გეკვრი,

დიდი ქალაქის დიდო ქუჩებო,

დამჩხვლიტეთ თქვენი ვერცნობის ეკლით.

მძლე სიმღერათა შენ ხარ აკვანი,

ბედს - იმ სიმღერის მთქმელთა შევნატრე.

მე ერთ პატარა სოფელს დავაკლდი

და შენს სიდიდეს ვერ მივემატე.

იმ ერთ სოფელში ცა არის ლურჯი

და ორღობიდან შემოდის ბინდი,

ეს თვალუწვდენი დიდი ქუჩები

იქიდან უფრო მოჩანან დიდნი.

იქ თეთრად იწვის ვარსკვლავთა ხომლი,

აპრილი ცისფერ კვამლივით მიდის,

ვეება მთვარე ამოდის ხოლმე

და თოვლი იცის ძალიან დიდი.

და მინდა ახლა, დიდი ქალაქით -

ჩემს სახლს მღიმარი სახე ვუჩვენო,

მე იმ უმცირეს სოფელს დავაკლდი

და უფრო მცირე დარჩა უჩემოდ.

მან მაპატიოს მე ეს წამოსვლა,

მე იგი ყველგან დამყვება ფიქრად,

მზე ადგეს იმ ჩემს კარ-მიდამოსა,

ავი თვალისგან დაცული იქნას.

მე მეპატიოს სიმცირე მისი,

თუ მას რაიმე დავაკელ მართლა,

აშორდეს მის ცას ღამე და ნისლი

და შემოვარდნა მძვინვარე ქართა.

ის ჩემიანად მაინც მეტია,

ის მეძახის და ტირის ვაზივით

და თუ შენ ფრთებქვეშ ვერ შემიტიე

და ვერ შემამჩნევს შენი გამზირი -

მე დავბრუნდები ალაზნის პირას

და გადამდებენ მზისფერს ატმები,

მიუვალ მე ჩემს მზესა და წვიმას

და მის გაზაფხულს მივემატები.

წავალ, დამხვდება სახლი ნაზამთრი,

თქვენ კი მერე რა - დიდო ქუჩებო,

არ დაგაკლდებით მაინც არაფრით,

დიდნი დარჩებით მაინც უჩემოდ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ