დღეს ასე მოხდა, ვარ მოწყენილი, კვნესის გიტარის თეთრი სიმები, ცა წვიმისაგან ჩამოწველილი მახურავს თავზე, როგორც იმედი. როგორც ოქროსთან ვიღაც "მეშჩანი" და ჩემი ლექსის სათოფურები სავსეა სევდით და კაეშანით. კვდება ვიღაცა გზაზე სიცილით და სული ჩემი, უსათნოესი, სავსეა ლამაზ დღის სიმძიმილით. ჩემი მიზანი მიფრინავს ცისკენ, და ამ ჩემს კოლხურ სპილოსფერ ძვლებში გაბზარულ ტკივილს დევივით ვითმენ. ასწლოვან ხეთა ისმის გოდება, დაკარგულ დღეებს ბავშვივით ვეძებ და ჩუმი სევდა კვლავ მეორდება. ჩემთან ხარ ახლა და უნდა გიძმო და ლექსებს, როგორც დაუცლელ ვაზნებს, ჩუმ ჭრილობებში ქილებად ვიწყობ. კვნესის გიტარის თეთრი სიმები, ცა წვიმისაგან ჩამოწველილი მახურავს თავზე, როგორც იმედი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯემალ ჩახავას პოეზია |