მინდა მოგმართო ყრუ სონეტით, უხმო სონეტით... (გოტიეს ლანდო, მაპატიე ეგ სითამამე!) სნეულ საღამოს ვაცილებდი ღამის წყვდიადში, როცა შენ გნახე, სანანებელ ბინდის ქალწულო.
გვიანი კოცნით ვეამბორე შენს რუხ ხელთათმანს. და როცა გავჩნდით საქორწილოთ მორთულ კაფეში, სარკის პირდაპირ ჩვენ დავსხედით დადუმებულნი.
და ვერ ვბედავდით სიცოცხლისთვის გვეთქვა უარი, რომ შეყვარებულთ დაგვეწერა ჯვარი სიკვდილზე.
კაფეს სარკიდან გამოვიხმე შენი აჩრდილი, და მას მივმართე ყრუ სონეტით, უხმო სონეტით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |