„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო, დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო, გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!.. დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით, ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი... სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი, შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი, საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი, ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“... არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი, მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა, არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა, და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური, და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური, და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი, და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი, და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, - სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხეილ ქვლივიძის პოეზია |