მოხეტიალე პაგანინი დადის არღანით. არღანის თავზე თუთიყუში ზის მედიდური. ის ყველას აძლევს ბედის ფურცელს და არმაღანი ხანდახან არი სასიამო, ხან კი ბითური. ისინი ერთად ბერდებიან, ვით ქიმერები. იმათ სწვავს სიცხე და ასველებს ავდარი ხშირი. ფრინველის ტანზე გადახუნდენ უცხო ფერები. პოეტს და კახპას მიაწოდებს ბილეთს ხალისით. პოეტი ამაყ ლერწამივით აკანკალდება იკივლებს ქალი უბედური ხმით უაღრესით. თუთიყუშის წინ წადგებიან ლანდურ ხაზებით აჩრდილებს უნდათ კიდევ ერთხელ სცადონ იღბალი, მაგრამ დახევენ ბედის ფურცლებს მეტ გაბრაზებით. მოდის ნილოსი საგუბებით და ნიანგებით. მის ოცნებაში თვალჩასმული სფინქსი ინთება, თაყვანს რომ სცემენ ტანშიშველი მრუში ზანგები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |