კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:44

 

თარგმნა: გივი გეგეჭკორმა

 

ბოთლში მღეროდა ერთ საღამოს სული ღვინისა:

შენ, ო ძვირფასო და უმადლო ადამიანო!

შუშის ამ ციხით, ამ სანთლებით წითელ ცვილისა,

მე მსურს, ნათელი ძმობის ჰიმნით შეგეხმიანო!


ვიცი, მჭირდება მე ფერდობი მზით გარუჯული.

მჭირდება შრომა, ოფლისღვრა და სხივები მწველი,

რათა გამედგას ფესვები და მომეცეს სული...

მაგრამ მე არ ვარ უმადური, არც ავისმქმნელი!


- რადგან უზომოს ვგრძნობ სიხარულს, როს ყველა არხი

ჩამიშვებს გარჯით ღონემიხდილ ადამის ტანში,

მისი თბილ-თბილი ფაშვი არის ამო სამარხი,

სადაც უკეთ ვარ ბევრად, ვიდრე იმ ცივ მარანში.


არ გეყურება მომჩქეფარე ამ ჩემი გულით

ჰანგი კვირადღის და იმედს ჭიკჭიკა ხმები?

იდაყვდაყრდნობით, სახელოთი აკარწახულით,

შენ მე დამლოცავ და არც თავად განაწყენდები.


შენს ცოლს, მოხიბლულს, მე თვალებში ცეცხლებს დავუნთებ,

ხოლო ვაჟიშვილს მივანიჭებ ჯან-ღონეს მეტად,

მით გავაკაჟებ ყრმა დევგმირის ძვლებსა და კუნთებს,

რომ სხეულს მებრძოლს დავედები გასაპოხ ზეთად.


შენში კი შთავალ, ამბროზია მცენარეული,

უკვდავ მთესველის ჩაგდებული ძვირფასი ქრთილი,

რომ ტრფობამ ჩვენმა პოეზია შვას მთვარეული,

ტანს რომ აიყრის ღვთისკენ, როგორც უცხო ყვავილი!


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ