თეთრი ღამეა და ქუჩაში დგას საფირონი კანკალებს როგორც მომაკვდავი ძაღლი ჩიბისი შხამად იღვრება ვარსკვლავების წმინდა მირონი, მაგრამ გამოჩნდა დედოფალი მაღალ კიბეზე.
და ვერ გაბედავს დაკვნესებით სთქვას: კორდელია ბეჭედს მოტანილს დაისიდან ვერ მისცემს დამას. სპეტაკს თოვლივით დედოფალი უდარდელია.
ღამეში ხვდება დარბაისელ ქალის ორეულს. გრძელი შლეიფით დედოფალი თეატრში მიდის - ის არ შეხედავს წარჩინებულს და ცრემლმორეულს.
მაგრამ მთავრდება უგვირგვინდ დიდი ლოდინი იგი დარჩება მოჩვენების გაყინულ გზირად ქმნის ქანდაკებას შუაღამე, როგორც როდენი.
მაგრამ ჩაივლის დედოფალი - ტანით ტირიფი და საფირონი მიეკვრება დუქნის დარაბას სეკუნდანტია ამ დუელში მთვარე ირიბი.
აქვითინდება - კორდელიას უქმი მნახველი მას, გადაქცეულს, ანგელოზი მიეშველება, რომ მისცეს პოზა - სიყვარულის გამომსახველი.
მისთვის ტკბილია და მწარეა დღის დაღამება როგორც წინაპარ ვარსკვლავების წმინდა მირონი იქნება ამბობს კორდელია: მიყვარს სამება: გაფრინდაშვილი პოეზია და საფირონი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |