გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში, ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი, გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს და გამჭვირვალე იყო ეთერი?
ცის ელვარებას, გულში ჩანაქსოვს. როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, წარსულო დროო... მითხარ, ხომ გახსოვს?
და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში, მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში...
ეხლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს... არ გთხოვს არაფერს... მხოლოდ მითხარი, ყველაფერი ეს ხომ ისევ გახსოვს?
რიონის პირად ვდგევარ მოკლული. იგივ ღამეა, იგივ ნათელი, და მეკუმშება ტანჯვებით გული.
ვუახლოვდები - მაგრამ მშორდება დრო - რომელსაც სულს ვერ დავავიწყებ, დრო - რომელიც არ განმეორდება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |