ჰორიზონტიდან ზენიტამდე მხოლოდ ვარდებით, წითელ ვარდებით შენი კვალი დაიფარება...
მოვხიბლავთ და შევუყვარდებით, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ქნარი თუ გეყვარება!
ზენიტამდე შენს წარმტაც სახელს ყოველი სული და სიცოცხლე გაიმეორებს,
ფიქრთ გამომსახველს, შენის სახელით ამოსჭედავს მთებსა და გორებს.
ზენიტამდე ღრუბელთა გუნდი ძირს დაეშვება, ლბილ საწოლად რომ გაგეშალოს...
ოღონდ დაბრუნდი... ცეცხლს ნუ მისცემ სულს, რომ იწვალოს და ივალალოს!
ზენიტამდე ალვის მწვერვალებს წაუჩურჩულებს შენსა სახელს ზღვის ნიავ-ქარი,
მიბნედილ თვალებს... ოღონდ დაბრუნდი... ოჰ, დაბრუნდი და სთქვი ზღაპარი!
ზენიტამდე მნათობთა კვალი შენს ლამაზ ფეხთა საბილიკოდ გადიჯაჭვება...
წყლულთა დამცხრობი, ოღონდ მაღირსე შენი ნახვით ის ტკბილი შვება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |