გუშინ, როცა არე-მარეს შუქს აფრქვევდა მთვარე ციდან, მე მომწყინდა... მე სარკმელი გამოვაღე და სარკმლიდან წკრიალა ხმა შემოიჭრა, ვით ღრუბლიდან მთვარის შუქი, და ჰანგებად დაიღვარა, ვით სურნელი, ვით ქარბუქი.
და ნაზი ხმა მის სივრცეში ლივლივებდა, ლივლივებდა! თითქო ორთქლად ეფრქვევოდა არე-მარეს ეს ცის ხმები, და სცურავდენ ამ ლურჯ ორთქლში ვარსკვლავები, ყვავილები.
ახმაურდა მასში გრგვინვა და სტიქიის რაღაც ძალა. ამ დროს თვალწინ იშლებოდა ჯურღმულები და ხევები, იმედთა და რწმენის ზღვაზე მოცურავდენ ნამსხვრევები.
იყო რაღაც საშინელი, იყო რაღაც იდუმალი, ტბათა ფსკერზე თითქო ელვის დაიკლაკნა ბილიკები, მაგრამ აჰა, სულ უეცრად შეიცვალა ისევ ხმები:
ოდნავ დასწვდა წყალს ნიჩაბი, ვით ნიავი, ვით ნიავი. მთიდან ნისლი ჩამოცურდა, ნისლი ბნელი, ნისლი შავი, და გაშალა ტბის სივრცეზე თმა-გიშერი, თმა-ნაწნავი.
სანამ კვლავ არ შეიცვალა ჰანგთა ტალღა მომხიბლავი: ეხლა თითქო ღრუბელთ ზევით დაოცნებობს ფიქრი წყნარი, ცის ვარსკვლავებს აგროვებს და ზღვას სთავაზობს ნიავ-ქარი.
და ტოკავდა ზღვის ქალწულთა მოხიბლული გულისძგერა. მწველი იყო ის სიმღერა, ვით შუადღის ბრწყინვალება, სადაც გრძნობა გზას პოულობს, სადაც ცეცხლი იმალება.
და ნარნარად იკაფავდა გზას უსაზღვრო ქვეყანაში. იკვალავდა გზას და თრთოდა უსაზღვრობის სიღრმე-წყლულში, იკვალავდა გზას და რეკდა გარინდებულ ცის ჯურღმულში.
მიატარა-მოატარა და გაიბნა შორს, უფსკრულში!!! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |