ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა: იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა. აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა: იწვა გალაკტიონი - მოხუცს ბეჭი სტკიოდა.
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი. რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა: იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით. დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა და რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...
იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა. უცბად შავმოვლებული შეჩოჩქოლდნენ დროშები, უცბად, მამადავითის ბჭესთან შედგნენ მგოსნები:
„რა ჰქნა?“ - უმისამართოდ ჩიქოვანმა იკითხა. „რა ჰქნა?“ - ახლა ირაკლიმ თქვა და თავი დახარა, - იმ დღეს ავად მენიშნა ეს ამდენი ჭაღარა...
დასწყებოდა მთაწმინდას საუკუნის სამკალი. წინ გვიძღოდა სიკვდილით სივრცეების მხილველი, მიდიოდა ამაყი და სიკვდილშიც პირველი.
იყო ფრთხილად გაჭრილი წმინდა ძვალთშესალაგი. ალაგ სამხარ მიწაში იყო მარტის ამინდით ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი.
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა. ერთი-ორი სხვაც ჰყავდა, ვინც მშობლისთვის იბრძოდა, მაგრამ ვისაც მარხავდა, საქართველომ იცოდა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |