კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:45

 

 

 

საყდრის ჩიტები სხდებოდნენ ჯვრებზე

ცა იყო რაღაც შორი და მშვიდი.

იდგა ხატივით მკვდრის მყუდრო მზეზე

ლოდს დამხობილი ყვითელი შინდი.


იყო ბურუსი და სიმარტოვე

დაბერებული ცაცხვის ხეების,

მეჩვენებოდა, ასკილის რტოებს

ზე ამოჰქონდა სული ცხედრების.


გვიან მკვდართა მზეც ტოვებდა კორდებს,

სასაფლაოზე წვებოდა ბინდი,

არ შორდებოდა ეკლიან კბოდეს

და უცნობ ხმაზე უსტვენდა ჩიტი.


ენთო ფოსფორი საფლავის ბორცვზე,

მაკრთობდა უცხო სინათლის სხივი,

ვიღაცა იჯდა ხავსიან ლოდზე,

ბალახებიდან ჟონავდა სისიხლი.


მემკვლელებოდა საყდართან გავლა,

ტანზე მაყრიდა შიშის ეკლები,

მეგონა ლურჯად ასული ალვა -

ცად ატოტვილი ქრისტეს ნეკნები.


მითვალთვალებდა საყდრიდან ხატი,

ვხდებოდი უცხო ხილვების წერა,

ჯვარზე გაკრული გამხდარი ლანდის

ვეღარ ვუძლებდი იდუმალ ცქერას.


აწ სად წასულან სიყრმის დღეები,

იმ გულუბრყვილო შიშით, ცდუნებით,

ისევ იმ ძველი ცაცხვის ხეების

და იმ ბორცვების ცქწერას ვუნდები.


იმ ჯვრებთან ისე გავშინაურდი

საყდრის ჩიტივით სასაფლაოზე,

არც გრძნეულ სულთა ხილვას გავურბი,

აღარც სიკვდილის ელდა მაოცებს.


ხან თუ მწვანეზე ჭიქას თავს ვუქცევ

ლოდზე შემდგარი ვუჭვრეტ საწუთროს,

იდუმალ ლანდებს თეთრ სანთლებს ვუნთებ

და სადღაც ბრწყინავს მკვდართა საუფლო.


ეს მხოლოდ რაც აქ დასახლდა, მამა,

რაც აქ მოვიდა დაღლილი დედაც,

მე შიშის გრძნობა წარმტაცა ჟამმა,

გამანდო ყვითელ ფოთლების სევდა.


მოვდივარ დღისით, მოვდივარ ღამით,

მხვდებიან ბინდში დახრილი ჯვრები,

გამიცოცხლდებით ხსოვნაში წამით,

ცივ საფლავებთან უშიშრად ვჯდები.


მიცქერს შორიდან ურიცხვი ლანდი,

ათასი ბურდი, ნარი თუ ქაცვი,

ბინდ-ბუნდში ჩუმი შრიალი ვარდის

ისე მშორდებით სიტყვას არ მაცლით...


შემომესევა ჯაგი და ბარდი

აქ, ამ მდუმარე იდუმალ ბორცვთა,

საფლავებს შორის სიჩუმე დადის,

მხოლოდ ჩიტები ამბობენ ლოცვას,


ვზივარ ანთებულ ასკილის ბუჩქთან,

სული უხილავ სულთან საუბრობს,

ქრისტეს შიშველი ნეკნები უჩანს,

სადღაც შორს რჩება მკვდართა საუფლო...


მივდივარ უხმოდ ღამენათევი,

უკან ნაცნობი კორდით ვბრუნდები,

გვიან ბურუსში ჩნდება ნათელი

და ისევ დღიურ ზრუნვას ვუნდები.


მიმაქვს ხელები ნაკაწრი ეკლით,

როგორც ნაწილი სალოცავ ნიშის,

მიმაგრიალებს სიცოცხლის ეტლი

და ვერ მეწევა სიკვდილის შიში.


მაქვს მიშვერილი მზისათვის მკერდი

და თუ გულს მაინც შერცა ტკივილი -

იყოს სიკვდილი სიცოცხლის გვერდით,

მაგრამ არ იყოს შიში სიკვდილის!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ