კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 02:54

 

 

 

რას ნაღვლობს ორი გიშერი,

ღაწვზე რა დარდის მოლი წევს... 

შენ ჩემი ლოცვა გიშველის,

მე შენი წყევლა მომიწევს.


სხვას დარჩა ჩემი წალკოტი,

სხვა სცემს დაფსა და ფანფარებს, 

წარსულს, წლებისგან დაკორტნილს,

თავს ვეღარსაით ვაფარებ.


მზემ მთხოვა სული, ვერ მივე,

ვერც - ზღვას, შემომდგარს პირამდი,

ხან ცრემლი მწვავდა ჩემივე,

ხან გულგრილობით მყინავდი.


გზა აღარ ჩანდა უკან და

ვფანტე ბროლი და ბადახში, 

მე სიყვარული მღუპავდა,

შენ სიძულვილით გადარჩი.


და ჟამს, გრიგალს რომ მომირწევს,

შევრჩი, ვით ალვა შიშველი... 

მე შენი წყევლა მომიწევს,

შენ ჩემი ლოცვა გიშველის.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ