კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:44

 

 

 

ქრთამი ვაძლიე მუზასა:

ერთხელ მაინცა მნახევი.

არ იქნა, ვერ მოვისყიდე,

თვალით ვერ დავინახევი.

სხვად ყოველი მხრით კარგი ვარ,

მხოლოდ არა ვარ მგოსანი,

მარტოკა ეს-ღა მაკლია,

ბიჭი ვარ პატიოსანი.


არაფრის დარდი არა გვაქვს,

ოღონდ ვსვათ, ვსჭამოთ, ვიძინოთ,

და როცა შეურაცხგვყოფენ,

ხელ-უბრუნებლად ვითმინოთ.

გავშალოთ სუფრა მდელოზე,

ვიძახოთ ჰარი-ჰარალი!..

გზა-დაბნეულთა რად გვინდა,

რომ გზა ვიცოდეთ სავალი.

ის არ გვაფიქრებს, გვადარდებს –

მტერი კარს გვადგა მრავალი;

არც რო გვწადიან შევიტყოთ

ჩვენის წყლულების წამალი!..


... დაჩერჩეტობენ მრავალნი,

ატყაპუნებენ ყურებსა,

ტყავი გააძვრეს ქვეყანას,

ჯიბეს იყრიან ფულებსა…

კაცებად იმათვე სთვლიან,

ამ ხალხის მცარცველ თულებსა!..

ქვეყნის ჭკვა-გრძნობას რა ვუთხრა,

ქვეყნის სამართალს მქისესა, -

იუდას საკმელს უკმევენ,

ჯვარზე აცვამენ ქრისტესა!..

ბრბო მაინც არ გათეთრდება,

რაც უნდა ჰხეხო ქვიშითა,

იმის სიყვარულს მოიხვეჭ

მხოლოდ ძალით და შიშითა.

 

სიბნელევ, გაქებ, გადიდებ,

საქებარიც ხარ სწორედა,...

...დაბნელდი, კარგად დაბნელდი

და დააბრმავე გონება…

როცა ძლიერი სუსტს არჩობს,

რომ მან არ იგრძნოს ღონება…


შენ-კი, სინათლევ, ვერ გაქებ,

რადგან ვერ იჩენ ღონესა,

საცა შენ უნდა გენათა,

ის მხარე დაიმონესა.

გამარჯვებულსა აქებენ,

დამარცხებულსა სძრახავენ,

ტუსაღებს ბორკილს უყრიან,

გადაცვალებულთ ჰმარხავენ…

მიზანს და საქმის თვისებას

საზომად არა ჰსახავენ.

როგორ შეგაქო, როდესაც

შენს შუქს ფეხითა ჰლახავენ!

რა ხანი არის, ჰღონღალობ,

ედები ღობე-ყორესა, -

მაინც აჯობა სიმრუდემ

მაგ შენს სამართალს სწორესა…

დაჯექ, იტირე, საწყალო,

თავში იეცი ლოდები…

მაინცა გწუნობს ქვეყანა,

შენ არვის შეეცოდები.

 

ანგაარებავ, შენც გაქებ,

რადგან ძალა გაქვს, მიტომა,

შენ ბატონი ხარ ამ ქვეყნად,

რაკი ეშმაკმა გიტომა.

ჰხვეჭ, ჰყლაპავ, რასაც მოხვდები –

რასაც მოავლე ლაშები.

ბევრს გაუსქელე კისერი,

ბევრს გაუდიდე ფაშები.

ერთი აცეკვე, ამღერე,

სხვა-კი ატირე ცრემლადა.

ერთი ხომ კვერად აქციე,

სხვა გარდაქმენი გრდემლადა.

შენც ქვეყნად იხსენიები,

ჰსაზრდოობ ქვეყნის ქონითა.

დადიხარ დოინჯ-შემოყრით

და გვემუქრები ღონითა;

გახვალ-გამოხვალ მდინარეს

აჩემებული ფონითა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ