გადმოჰყვა ღამით ღრუბლების ბურანს
უზარმაზარი მხარ-ბეჭის რხევით, დაეცა ზღაპრულ დევების ბუნაგს შავნაბდიანი ცალთვალა დევი.
დაატრიალა გრიგალი ქართა, როგორც ხევსური რკინისმკვნეტელი, დადგა დევების ბუნაგის კართან.
შედრკა, ათრთოლდა, ხმალზე შეჰფიცა: - მიყვარხარ, როგორც ჩემი ჩარგალი და საქართველოს მხურვალე მიწა!
ბროლივით თეთრი კბილების ეშხით, დასწვა ვაჟკაცი ტრფიალის ალმა, ქალი კი გაქრა ბუნაგის ბნელში.
წამს აღრიალდა დევთა ლაშქარი: ვინ გვესტუმრაო ამ წკვარამ ღამით, ვინ შემოლეწა ბუნაგის კარი?
შესძახა, შესძრა, თან შეერკინა, და როცა მორჩა, გაღუნა კბილით მამაპაპური ფრანგულის რკინა.
დამირბევია ღამე წკვარამი, მო, დევის ქალო, მო, ჩემო ყველავ, მო, გამიქარვე გულის ვარამი.
შემოახვია მინდიას მხრები… ჩახედა ქალის ამღვრეულ თვალებს, აიტაცა და გადასჭრა ხევი.
კვლავ დატრიალდა შუბი და ფარი, დალეწა ხმლები და სატევრები, კვლავ აიტაცა ტაიჭზე ქალი.
და სიხარულის ზათქით და ზარით ღამეს უტევდნენ ღამისმთევლები, როცა შეაღო ჩარგალის კარი მამაპაპური სიმღერის ძალით:
ქალის ძმობილი ქარია, მოვდივარ, მომყავს ყველაი და ამად გამიხარია, მომყავს დედალი ხოხობი დევის პირბადრი ქალია”.
შრიალებს ტყე და ფარფატებს ქარი, შემოეგება ვაჟას ბაჩანა ჩონგურით ბებერ მუხასთან მდგარი.
წუთით გაიხსნა ბუნების კარი და ახმაურდა არაგვის წყალი, როგორც ფშაველას ლექსების პწკარი.
ტანი და ქალი მუხასთან დასვა, გადაეხვია, დაღალა კოცნით და წყაროს წყალი პეშვებით ასვა.
და დადგა ბებერ მუხასთან, ზევით შავ ჩაბალახით პირშებურვილი შავნაბდიანი ცალთვალა დევი.
და სიყვარულით განუკურნელი, იწვოდა გული, ღვიოდა ხნული და იდგა ნახნავ მიწის სურნელი.
ისევ მოუნდა შებმა და რკენა, შეატრიალა ცაში ფრანგული მაგრამ მოესმა ყვავილთა ენა - დასცხრი, მგოსანო, ნუ ღელავ შენა!
ჩააგო ხმალი აღერებული და გაეხვია ნახნავ მიწაში საყვარლის ტრფობით გახელებული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |