ლამაზი თითები
მარცვლავდა თუთას, თუთა ვთხოვე და წარბი ასწია, მაჩვენა სამი ლამაზი თითის ულამაზესი კომბინაცია.
არც ვაზს ვაქებ
რითმას ვაქებ სასაცილოს, ცელქმა რითმამ შეიძლება დედოფალთან დაგაწვინოს.
შუქს გაურბის მზის, თუ ტყემალზე არ ზის, მაშინ ჭურში ზის.
ცუდი სიფხიზლე იცის!
და ღვივის, როგორც კრამიტი, გარეთ - ატლასი, შიგნით კი - 999.
მშვიდად ცხოვრობენ ასე: ზოგი - მეშვიდე სართულზე, ზოგი - მეშვიდე ცაზე.
ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, - თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად!
მთვარეს - ღრუბლების კატორღა, ნაპირთან დარჩა კატარღა და ერთადერთი კატაღა...
უყვარდა სიტყვის დაბეტონება: - ქალ-ბა-ტო-ნე-ბო და ბა-ტო-ნე-ბო!!!
გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაადო ხუნდი, გამოწვდილ ხელებს შეიძლება ეამბორო და გამოწვდილ ხელებს შეიძლება ენდო ბოლომდე.
უყურებ და ერთობი: ერთ-ერთები ცდილობენ, გახდნენ ერთადერთები.
ნუ დასჯი, არამედ მოაქციე
ჭიქა შეავსო კახურად, მიწას მიუგდო სხეული და ზეცა მოიმსახურა, მეორე ათასწლეული გალაკტიონმა დახურა.
და გაჰყურებდა ტერასებს... სხვადასხვა დამნაშავეთა ცოდვებს წონიდა თემიდა... საფლავში ისე ჩავიდა, არ ჩამოსულა ტყემლიდან.
ატყუებს საკუთარ ქვეყანას, ატყუებს საკუთარ შვილს. ეტყობა, უფალი გაგვიწყრა, როდესაც, როცა და როს - თავისი ცნობილი სახელის წამშლელი დასჭირდა დროს.
დააკვირდი მყობადს მრავალწახნაგიანს, ფრთხილად! ყველა მილიონერს ნუ ენდობი: ზოგიერთი გადაცმული გლახაკია!
როცა ვუყურებ, უფალო, ვფიქრობ და ვამბობ: უფალსაც არ ყვარებია უფულო!
წალეკა წასალეკი და ბედი ქვეყნის და ერისა ფეხებზე კი არ ეკიდა.
ამაშენა სკამ, აწი აღარ მეშინია, თუ დავკარგავ სკამს.
აქვს ფანტაზია ბავშვის
სამსართულიან სახლში მეცხრე სართულზე ცხოვრობს.
აქ ტახტია კელაპტრის... - საფლავებზე არ იარო: არ გეგონოს გელათი!
ყველა რაზა მიმირაზა, ყველა კარი მიმიკარა, - ავდგები და გამოვიცვლი მიმიკას და მინი კარავს და სხვას ისე შევეჩვევი, მიმიკრია მიმიქარავს!
წვიმს
მუზეუმში მანეთად შევდივარ - ფიროსმანებთან.
ვინ ასწავლა წერა-კითხვა? - დაანებეთ თავი ნაჯახს: ვერ ამოშლით წერაქვითაც!
მორი იდო მორზე და ისმოდა - კოდალების მორზე.
შეგჭამენ ტაშის მეტასტაზები!
არც მორწმუნე გლეხი ვარ, მაგრამ თამარ მეორე კი მინდოდა მეხილა.
გლეხი დამდგარა გიდად, თაფლი მითხარით, თორემ ცოტნე - რამდენიც გინდათ!
ჩაიჭიკჭიკ-ჩაიკისკისა, შეშურდებოდა შტრაუსსაც და ჩაიკოვსკისაც.
და მევაჭრება დუშმანი: - ან ორი ღერი ფიცარი, ან სამიცალი ლურსმანი!
როგორც გახდა მინდია: ჩონჩხის არმატურაზე სარეცხივით ჰკიდია.
- ნუ გამყიდი ჩალის ფასად! ებრალება ჩალა ასანთს: ჩალას ყიდის ცეცხლის ფასად.
და ისე მიყვარს გულაბი, ამტკივდა ხელის თითები და მეწვის ხელისგულები.
მხარეს დაგაბინავა, სადაც შენი სურათი მხვდება, ყველგან შინა ვარ.
მაგრამ ჩვენი თამადა მაინც განერვიულდა, იცის ჭეშმარიტება დღეთა ამქვეყნიურთა: სადაც ქრისტე არ არის, იქ არ მივა იუდა.
გარეთ პალმების უხმობს მარაო, მაგრამ არ მოსწონს სააშკარაო: მუმიამ უკეთ დამიფარაო... - რამდენ წელიწადს გაძლებს მუმია? - ასი ათასი - მინიმუმია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |