სიყვარულს იქ რა უნდა, სადაც სიავკაცეა. სიყვარულს იქ რა უნდა, თუ არ სუფევს სუფევა.
ერთი ხარის გამწევმა, ცხრა უღლისა გასწიოს. არაკაცს რომ დაჰმართო? - კაცად უნდა აქციოს!
მთლად ხელიდან წასულსაც, უნდა მოაქციოს და კახპა გააქალწულოს!
უყვარდაო ბატონო, ასე განუკითხავად, ასე ხელწამოკრულად?
უნდა იყოს ვედრება, იგი იმსიმაღლეა, ყველა რომ ვერ შეწვდება. ან შეწვდენას არ ნიშნავს, ხელის წაპოტინება...
როგორც არავინ არასდროს. შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა ტანჯვა უნდა იყოს, კირთება. ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით, ყველაფერს უნდა ეწეროს ჩემი სახელი ოქროს ასოებით.
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი, უჩემოდ არ უნდა იყო დღის დამაღამებელი და უსასრულო ღამის გამთევი.
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო. ჩემი სახელი, მესმის თუ არ მესმის, უნდა იძახო და იძახო.
შენ არ შეელიო და იძრახო, ყველაფერი რომ წაგართვან - წაირთვი, ჩემი ხატი უნდა შეინახო.
უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო. ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო, ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.
ათასი გიხმონ და გიძახონ. უჩემოდ, შენს თვალზე შემშრალი ცრემლი ვერ ნახონ. შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი, უმზეო ყვავილი, უსახო.
ცის გახსნა, ღვთის წყალობა. შენთვის ჩემი ჩურჩული უნდა იყოს სირინოზების გალობა, უჩემოდ ვერავინ შეძლოს შენი შველა და წამლობა.
და მიზნად არაფერი დაისახო. შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო და ჩემთან ერთად დაიმარხო.
მეტი წყურვილით და წადილით, ვერავინ შეძლოს გადაბირება ვერარა ვედრება-ქადილით.
ყელამდე სავსე ხარ - შენთან რომ ვარ, თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის და სხვა გზა არ გაქვს - შენთან მოვალ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა |