ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი, და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით; გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით, ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს; ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს, მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!
განქრა ტაძარი დ და უდაბნო ჩემდა მდუმარებს: მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს, მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!
განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი! დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი! ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი, და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია |