სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად, ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად? მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა, რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას, ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი? სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები, რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?
ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა! მას აქეთ არის - დავუკარგე მშვიდობა სულსა, და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო. ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი? ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია |