ღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს, ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, თავდავიწყების სავსე მორევში დღეს ლხინს ეძლევა ქსანტე, გეტერა.
აჰა, სიმღერის გაისმის ქარი, ხან ნაზი, როგორც თოლიას კვნესა, ხან მწველი, როგორც სატანის ქნარი.
მოწყენილ კაცთა ხარხარი მწარე, მელოდიური, გაძაფული ხმა და სინანულის ჰანგი მგზნებარე.
შეერთებულა და ადის ცამდე ჰანგი, შექმნილი ღვთის დასაგმობად და დაშვებული სინანულამდე.
დაიცალა და ისევ ივსება, მოწყენილია რაღაც გეტერა, სხვა ყველა დათვრა, ის კი არ თვრება.
მთვარის ნათელი დნება და ჰკვდება. ფანჯრის ფარდიდან დილის რიჟრაჟი აღმოსავლეთით ოდნავ იღვრება.
აცურდა ისე, ვით იალქანი, და თრთის მხიარულ დღის მოლოდინში გაშიშვლებული გეტერას ტანი.
ფანჯარას ფარდა გადააცალა და განთიადის ელვარე სხივი მსწრაფლ გადმოიჭრა, ვით ცეცხლის ძალა.
გაშიშვლებული გეტერას ტანი, გარინდდა ამ დროს მთელი დარბაზი, არ ზის არც ერთი სტუმართაგანი.
სხეულისათვის მიეცა გრძნობით, მწუხარე - თავის უმიზნო ბედით, ამაყი - თავის მიმზიდველობით.
ღვთაებრივობის აჩნდა ნიშანი, მზის სხივზე თითქოს ოქროსი იყო გაშიშვლებული გეტერას ტანი.
თრთოდა, ტოკავდა ძლიერი მკერდი, როცა იქავე მდგომმა მხატვარმა ურცხვ ქალს შესძახა: “ქსანტე, შეჩერდი!
ოჰ, არ დაიძრა, გთხოვ, გევედრები, გავავუკვდავებ მე მაგ შენს სხეულს, საუკუნეთა წაგიღებს ფრთები.
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები, იცხოვრებ ქვეყნად მაშინაც, როცა სხეულით ქვეყნად აღარ იქნები!”
გადაურია, დასწნა, დაგრიხა, და წუთის უმალ უკვდავ ქანდაკად გადააქცია უბრალო თიხა,
დასდგა, რომ მისთვის ეცათ თაყვანი, და დიდხანს, დიდხანს იცოცხლებს კიდევ გაშიშვლებული გეტერას ტანი.
ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს. არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ, არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს,
ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი, წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა თუ სათაყვანო გეტერას ტანი? |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |