ჰამლეტის საფლავს დასტირიან შავი გედები. ამოდის წყლიდან ოფელია ნისლიან ტანით. მისი სიმკრთალე არემარეს გადაედება, დაითრთვილება ყრუ ჰაერი იასამანით.
გადაცვივდება მათი გუნდი ახლობელ ზღვაში. უსხივო ღამე უდაბნოა და თეთრ იმედით დარჩება მხოლოდ ოფელია ღამის წყვდიადში.
მიწიდან სატრფოს გამოიხმობს ჩუმი ტირილით. იქნება მარტო, ოფელია, ნაზი ვით წყალი და მას წყვდიადი მოეხვევა მდუმარე სილით.
სევდიან წყალში დაღალულად ჩაიძირება. გათენების წინ ვნებიანათ ღამე გუნდდება, იწყებენ ქვითინს საფლავებში ძველი გმირები.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |