კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:17

 

 

 

სად არ გძინებია, სიყვარულო,

რა არ გდებია სასთუმლად!

რამდენი ვინმე აცდუნე და

რამდენმა - თვითონ გაცდუნა!


ვის არ უძებნია ზეწარზე

თვალი დაკარგული ბეჭდის!

ვის არ გასჩენია შენს გამო

განუკურნებელი ეჭვი!


რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში!

რამდენჯერ მოგხვედრია სილა!

დაღლილი, დაქანცული უზომოდ -

სად არ მივარდნილხარ ძილად!


თითქოს მოუხეშავს, თითქოს მორცხვს -

ხელში ყვავილებიც გჭერია!

ჯოჯოც ყოფილხარ, სატანაც და

უმშვენიერესი ფერიაც!


წვერგაუპარსავსაც გივლია და

სახეზე მალამოც გისვამს!

პურიც არ გქონია ნატეხი და

სმითაც უამრავი გისვამს.


ჭიანჭველაზე ფეხს არ ადგამდი და

მკერდებსაც აპობდი ლახვრით!

ხან ჩამოძენძილი დადიოდი,

ხან ტანსაცმელით ახლით.


სვამდი სიყვარულის ნექტარს საოცნებოს,

მაგრამ საწამლავსაც ასმევდი...

დიად საიდუმლოს ინახავდი

და უსინდისოდაც ასმენდი...


მეფეც შენა ხარ და მონაც საცოდავი,

ჯარისკაციცა და სარდალიც!

ისე მტყუანი ხარ, ისე მატყუარა,

და ისე უცნაურად მართალიც!..


ყოველგვარ ოქრო-ვერცხლს, საუნჯეს ყოველგვარს

ყოველგვარ სიმდიდრის ქონას

ჯობს ერთი ბალიში მაგ თმებით გამთბარი,

ბალიში-უატომო ზონა...


დღეს რომ პეპელა ხარ ნაზად მოფარფატე -

ხვალ მახრჩობელა ხარ უდავი,

თუმცა მოკვდავი ხარ - სუსტი, დაუცველი,

მაინც ხომ შენვე ხარ უკვდავი!


მე რომ შორს მგონიხარ, უცებ აქ გაჩნდები,

მე რომ აქ მგონიხარ, იქა ხარ...

მძულხარ, სიყვარულო! მძულხარ, სიყვარულო!

მძულხარ, სიყვარულო! მიყვარხარ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ