მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა! ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა! როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!
შენის ეშხითა მასა შევჰსტრფი, და მე ვვლი გარეს; უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს; უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს! არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?
შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი. პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი; სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი! ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!
გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები! რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები! შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები... ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბესარიონ გაბაშვილის პოეზია |