მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელო დალალო, მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო, კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო! მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს, მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს, დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს! მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?! ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის, ყმაა თუ ბერი! რა გიამების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი! დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!
მზისა სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი! ვა ჩემსა ბედსა! იცი მე ვარ სულ-მიწურვილი; მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი? ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე; შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე; ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე! შენი ბესიკი რად დამაგდენ, შეუბრალალო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბესარიონ გაბაშვილის პოეზია |