I კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო, კიდევ ცოტა ხანს იხმაურებს ჩემში გრიგალი! მინდა სინაზით ეს წუთები ახლა ავავსო. კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო! და ჩანაცრდება სამუდამოდ ჩემს გულში ალი... კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო, კიდევ ცოტა ხანს იხმაურებს ჩემში გრიგალი...
II
ბედნიერებით გვაერთებდა ჩვენი ბავშვობა, პირველი მზერა, სიყვარული და ჟრუანტელი! მაგრამ ეს კვნესა, ატირებულ გულთა ნაშობი, გლოვაა მისი, რომ გათავდა ჩვენი ბავშვობა!.. თუ სიყვარული დღეს მინათებს, როგორც კანდელი - მხოლოდ იმიტომ, რომ უკვდავი არის ბავშვობა, პირველი მზერა, სიყვარული და ჟრუანტელი!
III
მხოლო ერთია სიხარული და მოგონება, დაუვიწყარო, სანატრელო და ერთადერთო! კიდევ შენი ვარ, ეს სიცოცხლე შენ გემონება, რადგან ერთია სიხარული და მოგონება! თუ სასიკვდილოდ სიყვარულით შენთვის ავენთო - დარჩეს სიმღერა, როგორც კვნესა და მოგონება, დაუვიწყარო, სანატრელო და ერთადერთო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |