კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 01:01

 

 

 

 ორად გადავტეხე ღამე,

 მსგავსი ლაბრადორის ლოდის, 

 მახსოვს, გავითენე გარეთ, 

 მაგრამ დამავიწყდა - როდის?..


 როგორ დამეკარგა ერთი 

 მცირე მონაკვეთი დროის? 

 როგორც გაფრენილი ბედი 

 ამდენ ბედნიერთა შორის.


 ის დღე უთარიღოდ დარჩა, 

 ეგებ გახსენებაც არ ღირს? 

 ხიდან ჩამოვარდნილ ვაშლად 

 ვინმე წაიღებდა თარიღს?


 ცისკენ წავიდოდა ორთქლად? 

 ძონძად გაწეწავდა ქარი? 

 ჩუმად ჩამოვარდნილ ფოთლად 

 ფეხით გათელავდა მგზავრი?


 ვფურცლავ კალენდარის ფურცლებს, 

 ვეძებ დაკარგულის გზა-კვალს, 

 ეგებ შევეფეთო უცებ 

 თარიღს, უდღეურად გამქრალს.


 ვიცი, ამაოა ძებნა,

 მაგრამ ამაოა? რატომ? 

 ნუთუ წუთისოფელს მძევლად 

 ამ დღეს დავუტოვებ მარტო?


 ვიცი, დამივიწყებს ნაცნობს 

 ხსოვნა სკლეროზიან მიწის... 

 მაგრამ დაბადება მახსოვს? 

 ან დღე სიკვდილისა ვიცი?


 ის დღეც მივუმატე ხარკად 

 ჩემგან შეუცნობელ ძალას, 

 რომლის სიდიადე სადღაც 

 ბნელი ფსკერისაკენ გვმალავს.


 დღეებს აკვნიდანვე გვაცლის, 

 როგორც ავგაროზის მძივებს, 

 გვიჭირს, გვიხანმოკლებს მანძილს-

 ისეც უსასრულოდ მცირეს.


 მაინც მივფათურებ, ვეძებ- 

 ხელი მივაწვდინო მიზანს, 

 იმ დღის გახსენებას შევძლებ, 

 როგორც დავიწყებას მისას?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •   ოთარ ჭელიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ