რტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მიქანაობს.
ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა, ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს, დასწვდა ბილილებს და აათრთოლა.
იქ მას მილევით უთრთოდა სული! შორით მოსული გაზაფხულ სხივით და ნამთა მძივით გარემოცული.
ვით დედოფალი უცხო მხარეში: სინარნარეში სწვავდა მზის ძალი, და გრძნობათ ალი - სიმწუხარეში.
როცა ღელავდა მზით აღჭურვილი, მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.
და ფრთა მედგარი შემოახვია, ახლაც ატყვია ხეს განაბზარი, ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია.
შემდეგ აშლილი და აფრენილი - გადაცვენილი ატმის ყვავილი იყო დაღლილი და მოწყენილი.
მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი, ყვავილი იგი მოკვდა და ჩქარა წითლად დაფარა ბაღის ბილიკი.
გაძრცვნილ ატამთან ზღვები გროვდება, საღამოვდება და მზის ჩასვლასთან თანდათან მწუხრი მიახლოვდება.
ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი, მეფობს სიკვდილი - ჭკნობის მსურველი! გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |