აანთეთ ჩქარა შუშხუნები და მაშხალები. გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები უთხარით ლოთებს, რომ აკურთხა მღვდელმა ალავი, რომ სიძეს მისცეს ფალუსტაკი დაუხალავი, რომ მზითვის ბიჭებს ჩამოართვეს ტაშტი და სარკე.
თუ დღეს არავინ არ გადიქცა ჩემებრ ქორწილად - მას აზამბარი მივუსაჯოთ კიდევ ორწილად, რომ წითელ ვაშლში არ მალავდეს თეთრ უზალთუნებს.
ის ნეგოსავით უმძრახია, მზესავით ღია და თუმც მის ბეჭებს არ ამშვენებს ქალაღაია და რაც სახე აქვს თეთრი ხრილით გადაფქვილული -
ისე კრძალულობს ცის ნინველა, აქ დანაბადი, თითქოს მის ტუჩებს არ ეგემოს აღჯანაბადი, თითქოს ღიმილით მზის ჭრილობა არც კი განკურნა!
ღვინო და ზურნა! სხვა დღეს მეფეს არ უნდა რა! ბანზედ: ხან თარფი, ხან შაბაში, ხან უზუნდარა, ქვეშ კი მწვადისთვის აშიშინდა ცეცხლის მაყალი.
ქვიშისფერ მელნით აიწინწკლა აისი ნაზი. დუდუკმა ბანზე ერთხელ კიდევ დაჰკრა შაჰნაზი. და ,,მშვიდი ღამე” კვლავ უსურვეს ნეფეს და ცოლსა.
პატარძალს მხოლოდ ეს აღმოხდა: ,,ახ, აქ რა გვინდა!" მაგრამ მყის ტუჩი პატარძლისა კოცნით აღვინდა და გაიფანტა მარგალიტი ბადახშეული საბნის ნაოჭში დაიმალა მათი სხეული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |