კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:46

 

 

 

რაღაცა ჰქონდა იმ ქარს და წვიმას,

ჯერ განუცდელი და იდუმალი

მთვარეც მაძლევდა რაღაცის იმედს,

მორიდებული, როგორც სტუმარი.


მართლაც კეთილი აღმოჩნდა ბოლო

და მოვაღწიე დანიშნულ ადგილს,

თუმცა ხელებზე ცეცხლის და ბოლის

და ფერფლის მძაფრი სურნელი ამდის.


და ახლა, როცა ახლოა უკვე

სახლიც და ყველა ნაცნობი სახეც,

გადაჩვეული სითბო და შუქი

ნატკენ თვალივით ნელ-ნელა მახელს.


და რასაც ვხედავ, პირველად ვხედავ,

არ არსებობდა თითქოს აქამდე

არც გზა, რომელიც გვირაბში შედის,

არც ხე, რომელიც უნდა აყვავდეს.


უნდა აყვავდეს, რომ კიდევ ერთხელ

გათბეს, გაბრუვდეს და გათამამდეს

და დაუბრუნოს ხალისი ჩიტებს,

ვიდრე ბუნება დათვლის სამამდე.


მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი

ჩემს დაღლილ ხელზე შემთხვევით იდო,

შეცდომით იდო და ნელა-ნელა

თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.


მეც თვითონ მივხვდი, მივხვდი და ვყვები,

რომ დღევანდელი დასრულდეს დღესვე,

ანდა რა უნდა მოსთხოვო ვნებებს,

რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს.


შესვეს და დათვრნენ და კვლავ გონიათ,

რომ პირვანდელი ძალით ღელავენ

მე კი ვერაფრით ვერ მიპოვია

სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •   ოთარ ჭელიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ