გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე ამბავი მოხდა უმაგალითო: ქალი მისულა უყელსაბამო, უბრილიანტო, უმარგალიტო, უსაყურო და უსამაჯურო, უქმრო, უშვილო და უღიმილო, უჯამაგირო, უსამსახურო... და არხეინი შეძრულა ხალხი: ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში კაბა ქალისა შეჭრილა თალხი. კინაღამ ყველა გადარეულა: ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია და ცრემლი კაცად გადაქცეულა. და კაცის მკერდზე დაუდევს თავი... ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი და კაცსაც სცმია სამოსი შავი. გაშტერებოდა სუყველას თვალი, ლამაზი იყო სანახაობა: როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი. წამოუვიდა ყველას ცრემლები... გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა აყვავებული თეთრად ტყემლები... ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი... ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |