კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:03

 

 

 

ბედნიერება იყო ჩემთვის, იყო და არის

სიცილი-ცოლის

სიცილი-დედის

და საერთოდ, 

სიცილი

ქალის!


არის, ქალთაგან პირველის და პირველზე მეტის,

თოვლისებრ სპეტაკი

მშობლიური

სიცილი -

დედის.


არის მეორე, ხმას გამოსცემს რომელიც ბროლის,

მოსიყვარულის,

შემწყნარებლის,

სიცილი -

ცოლის.


და კიდევ, კიდევ, ფუი ეშმას, იყო და არის,

ატაცებულის, მშვენიერის, ოცნებით მთვრალის,

გამომწვევი და

ხორციელი

სიცილი ქალის...


იყო ცხოვრება, იყო სისხლის, ცრემლის ღვარები

ესეც ხომ იყო

იცინოდნენ

ჩვენთვის 

ქალები!


ჟღერდა გიტარა, ოქროს შუქი მიადგა ქალწულს

(ვიგონებ სიყრმეს,

ოქროსუბანს, 

ბავშვობას წარსულს).


ის იცინოდა, იცინოდა, ნათელში მთვარის,

თითქოს

პირველად გავიგონე

სიცილი

ქალის.


თორმეტი წლისას გამეღვიძა უსიერ ტყეში,

ვთქვი: ეს რა ხდება,

რა გრძნობაა, 

რა ხდება ჩემში?


ვთქვი, იცინიან რანაირი ეშხით ქალები!

ვთქვი: რას, რას ნიშნავს 

ქალის ხმაში

ვერცხლის ზარები!


სიტყვა აზრია - რით არ არის სიცილი სიტყვა

სიტყვა, რომლითაც

აზრი მეტის სიცხადით ითქვა?!


იყო ცხოვრება, იყო სისხლის, ცრემლის ღვარები

ესეც ხომ იყო

იცინოდნენ

ჩვენთვის 

ქალები!


ესეც ხომ არის, - სასოებით, იმედით ხვალის

ხეს ცხოვრებისას აშრიალებს

სიცილი

ქალის...


ოჰ, გზას სოფლისას რა გალევდა, ანუ რა გალევს

აწ გზას გასავლელს

რომ არ იყოს

სიცილი

ქალის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ