დიდი სატკივარით ვიგვალები და ჩემს გაოგნებულ არსებაში დენთად გროვდებიან გრიგალები, როგორც დასანგრეველ არსენალში.
გზა და მისამართი ჩემშივეა, მაგრამ დამუხტული საფეთქლების უცბად დაქუხების მეშინია.
ბოლო ნაბიჯია გადამწყვეტი, ვისაც აიმედებს ცარიელი სულის მწამებელი განსაწმენდი.
და ის თვალუწვდენი სიღრმეები, სადაც უძლურთათვის აკრძალული ჟღერენ წარმართული სიმღერები,
ძალით ბობოქარი სიდიადის და გზა ასპიროზის ბრწყინვალებით მიდის სიცოცხლიდან სიკვდილამდის.
ბორგავს ფეხადგმული მთაგრეხილი, სულის გაღვიძების მახარობლად ფეთქავს სიყვარულის ქარტეხილი.
ჟამთა მიმოქცევას უმკლავდება. ნესტან-დარეჯანის, ბეატრიჩეს და მათ უკვდავმყოფთა უკვდავება.
მათგან საუკუნოდ ნასესხები და ჩემს წარმოდგენილ სინამდვილეს ვეღარც დაცემული დავეხსნები.
სცენას სასწაულით გამოვივლი, ცეცხლთან მოთამაშე მსახიობის სახით გატანჯული, გაბოლილი.
ჩემსავ აცხადებულ ნაოცნებარს, დალის გაღმერთებით ვეღირსები დღემდე შეუცნობელ საოცრებას.
ტანჯვა სადაცაა გათავდება, ეგებ გარდუვალი აფეთქების კიდევ შეიძლება გადადება.
ცხელი კურცხალივით დამღვენთია... ზარი დამგუგუნებს წარმართების: ვისაც აღმერთებდი - ქალღმერთია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭელიძის პოეზია |