ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და დაფნარი ტოკავს, ტოკავს... და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი მძაფრი ღრენით სალ კლდეს ლოკავს... ჰორიზონტი ალისფერი, ჰორიზონტი ცის ფერადის ზღვიდან ცამდის, ციდან ზღვამდის მზის ალმურში ჩადის... ჩადის!
შორეული არვინა სჩანს, არვინაა არც მახლობლად. მხოლოდ ერთი იალქანი, ვით ღამის ფრთა გარხეული, დაქანაობს ქარისაგან დაფლეთილი, დახეული.
ალბათ, ვინმე იღუპება... ზღვაა კუბო და საფლავი. და ზღვა ხარობს...ზღვის უფსკრული თავგანწირულ მებრძოლს ელის. მაგრამ აქ თავს ვინ გასწირავს? ან მენავეს ვინ უშველის?
ვინ რას ეძებს გედის ჰანგებს, სხვა ოცნების გამომსახველს? სად არიან მეგობრები, ნუთუ ყველა ზღვამ დაჰფარა? ზღვაზე კაცი იღუპება, შველა უნდა, ნავი, ჩქარა!
დაიღუპა! სივრცემ შთანთქა ის ამაო მოწოდება... ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და ნაძვნარი ტოკავს, ტოკავს, და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი, სალ კლდეს ებრძვის, ღრღნის და ლოკავს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |