ვარდთ შემოუნახავს წვეთები წვიმის, გზაც ნაწვიმარია... მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი, და ჭიამარიას ვუმზერ ჩემს მუხლებზე დაჩოქილს მუხლებით. ყვავილის სადარს... რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი, გეძინა სადა? თქვი, ჭიამარია, საით მიგიხარია? თქვი, ჭიამარია! ვარდთ შემორჩენიათ წვეთები წვიმის, გზაც ნაწვიმარია... დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი, და ჭიამარია, ვინ იცის სად არი?... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |