გაზაფხულია, ხარობს ბუნება! ფრთას შლის სილაღე... ვიშ, აღტაცებავ! სულისა სარკევ! წამომყევ, წამო! იქ მზეა მეფედ... ჰხარობს მიდამო! ზეცას ჩამოვხსნი სხივთა პირბადეს, გვირგვინს დაგიწნავ, ვნებით ამოვქსოვ, მე მსურს მიყვარდეს... მე მსურს მიყვარდეს! ტანჯვის ფიალას შევსვამ, ამოვსწოვ... მე მსურს მიყვარდეს... მე მსურს მიყვარდეს! სულს ეღიმება შორს უკვდავება, გზა ცხოვრებისა უნდა გათავდეს! მარადისობას შეუერთდება! სახემიხდილი - მოკვდა სიკვდილი, სულს ჩამოშორდა კაეშნის ბადე... წამომყევ, წამო! ხარობს მიდამო... მოეყრდნე ჩემს მკერდს! მე მსურს მიყვარდე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |