შენ გაირყვნები... აშკარა არი... ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად. შენი სხეული ნაქანდაკარი, ხელიდან ხელში წავა ფარულად.
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა... შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად, როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
დაგეწურება მკერდი მტევნებად - და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი, სიძვა მრუშება, აგედევნება.
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად, და იტყვი: "რისთვის დავანაწილე მე სიყვარული ხარისხეულად!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები? სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს, რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს - მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები. მე, ბედნიერი და უბედური - წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
მომიახლოვდი... მომეცი ხელი... თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |