შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
იწვოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული.
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი. მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი, ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა... იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს... ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი! ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, - ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები? რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს? ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული, და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |