შენ ჩემში ცოცხლობ, ო, ერთად-ერთო, ჩემ სიცოცხლის უშრეტო წყარო! შენ ჩემში ცოცხლობ, ჩემში არსებობ და იარსებებ დაუვიწყარო. მე მისთვის დავრჩი - შენს ნათელ ხსოვნას სიკვდილის ხელი არ მივაკარო!
მაგრამ ეს შენ ხარ ნაზი ღიმილით სინათლის კარებს ჩემში რომ აღებ! ო, ეს შენა ხარ, სულის სიღრმეში უწმინდეს ფიქრთა ტაძარს რომ აგებ!
ვიდრე ვარსებობს - შენ არ მომკვდარხარ და... არაფერი არ დაკარგულა! მე მასულდგმულებს ეს დიდი ტანჯვა და სიყვარულით ვარ გათანგული!
მე მინდა სიკვდილს ჯერ გავუმკლავდე და გულში მიზნად მაქვს დასახული: ცოტა ხანს დავრჩე, როგორც ჭურჭელი, სადაც შენ კიდევ ხარ შენახული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |