მე მომხვდა შენი ნასროლი თოვლი, წეღან მომხვდა თუ დიდი ხნით ადრე; ვხუცდები, არ ვარ მე შენი ტოლი, როგორ გაბედე, ხუმრობა მკადრე.
დამასველა და მუხლები მითრთის, თუ სიყმაწვილის მოყვანა გსურდა, უნდა გესროლა იები მინდვრის.
მგონი ყინულზე წკრიალებს ქოში, დამეპნა წვრილი ფიქრების ფეტვი და ვერ ავკრიფე მარცვლები თოვლში.
გაგიხარდა და შემოჰკარ ტაში. ასეთ სიცელქეს სიყრმის დრო უნდა, შენ კი ფანტელებს მიმატებ თმაში.
კეფაში მწვდა და ვაშეშებ კისერს, ვერ გამიგია, თუ არ გაქვს ია, თოვლში აპრილი საიდან მიმზერს?
თოვლში შაშვებმა აკენკეს ფეტვი, გუნდა მომხვდა და გული მეტკინა და სიჭაბუკეს რა უნდა მეტი.
სიცელქით სძლია ყინვა და თოში, ჩემი ოცნებაც ჭაღარას ითმენს და ჭაბუკივით გუნდაობს თოვლში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • სიმონ ჩიქოვანის პოეზია |