კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:23

 

 

 

მე ერთად ვგლოვობ უცნობ მაჩაბელს

და ძმას, დაკარგულს შორეულ ფრონტზე.

ო, იოანე! თავს გადანაბელს

მე ახლა ვხედავ შავ ჰორიზონტზე.


აღარ თავდება ეს აგონია...

კიდევ მეორედ ინგრევა გორი.

სასაფლაოზე - ასე მგონია -

სდგას მაჩაბელი - ვით კომანდორი.


უცდის დონ-ჟუანს და დონნა ანას,

რომ გადუხადოს მათ მაგიერი,

და მძიმე ღამის ბნელ გამოცანას

უცქერის, როგორც ალიგიერი.


ის ყოველ ღამე ვერის კიბეზე

მომელოდება, ვით ორეული.

ის არის ლანდი უღარიბესი

ფიროსმანივით ჩამოხეული.


დეზერტირკაზე ჰყიდის სურათებს.

ნახევრად გიჟი, მუნჯი, მშიერი.

ის თავის მკვლელებს დაუყურადებს

და გაექცევა მათ - კადნიერი.


ტრამვაის მოსვლას ჩვენ ერთად ვუცდით,

მისი ჩვენება კვლავ ისარკება.

იგი მიყურებს, როგორც ფაუსტი

და უცებ ბრბოში დაიკარგება.


აღარ გათავდა ეს აგონია -

შლილი შხამიან ღამის ვარდებად,

და მაჩაბელი - ასე მგონია -

ხიდიდან მტკვარში გადავარდება.


უკვე დაინგრა ბედითი გორი,

დგებიან მკვდრები საყვირის ხმაზე,

და მაჩაბელი - მხნე კომანდორი

ტფილისზე მოდის, ვით სააკაძე.


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ