ერთი
გზაზე მიდის ერთი კაცი, ერთი პალტო აცვია, ერთი ჩანთა უკავია, შიგ ლეკვი ჰყავს, პაწია. ლეკვიც არის ერთი, არ იღლება ყეფით.
ორი
გზაზე მიდის ორი ცხენი. ერთი თეთრი, ერთი შავი. თეთრმა ჭამა ბევრი შვრია. შავმა ჭამა ცოტა ჭვავი. უკან მოსდევთ ორი კვიცი, ერთი - დინჯი, ერთი - მკვირცხლი.
სამი
ტყეში დედა კურდღელს ჰყავს სამი თეთრი ბაჭია სამივეა ლამაზი, სამივეა პაწია. მათი ტკბილი საუზმე ტყის ხილი და მარწყვია.
ოთხი
დათვი დადის ოთხი თათით. უყვარს კენკრა, უყვარს თაფლი. ოთხი თათით დადის ძაღლიც, აქვს თავისი ჯამიც, სახლიც, ოთხი ფეხით დადის ცხენიც. აჩუ, ცხენო, გასწი, ჰერიიიი!
ხუთი
ტყეში ხეა, ხეზე ბუდე, შიგ ჩიტს ხუთი კვერცხი უდევს, იქნებ ოთხი? იქნებ სამი? არა! ხუთი! ხუთი ცალი! დედა ჩიტიც იქვე არის, ელოდება ბარტყებს, კვერცხებს თბილ ფრთებს ადებს.
ექვსი
ხეზე ერთი ფუღუროა, შიგ ციყვების ოჯახია! მათი ბინა კაკლით, თხილით, გირჩით სავსე ოთახია. ექვს ციყვს ექვსი კუდი აქვს, ექვს თხილს ხრავენ, გულიანს.
შვიდი
ბაღში ცხოვრობს შვიდი ჩიტი ბაღში ხარობს შვიდი ხე. შვიდი ჩიტი იწყებს სტვენას, და ამოდის ცაზე მზე.
რვა
ეს ეზოა, ეს - ბავშვები, რვა თამაშობს ერთი ბურთით, ოთხი გოგო, ოთხი - ბიჭი, ესეც ჩვენი ორი გუნდი.
ცხრა
ეს ეზოა, ეს ბავშვები. თამაშობენ კუკუ-მალას ოთხი გოგო, ოთხი ბიჭი რვა ხის უკან დაიმალა. მეცხრე დაადგა სახლთან. მეცხრე ყვირის: სად ხართ? ასე დარბის ცხრა ბავშვი. ცხრავეს უყვარს თამაში
ათი
ათი თითით ბავშვი იცვამს, იბანს, ჭამს და თამაშობს. ძაღლის ლეკვსაც ასეირნებს, აქვე ახლოს, განა შორს? ათი თითით ხატავს, ჭრის, ეხმარება მამას, დაწოლისას ათი თითით დაიფარებს საბანს.
********
გოჭმა ჭამა ჭანჭური, განა ერთი? ათი! ისე ჭამა, ღრუტ, ღრუტ, ღრუტ, არ დაღლილა დათვლით. მოდი, ჩვენ დავითვალოთ: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი ექვსი შვიდი, რვა, ცხრა, ესეც - ათი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |